იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება განიხილა.

პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს იმ მეპატრონეებისთვის, რომლებიც ძაღლის ღია სივრცეებში, მათ შორის, ბულვარში, პარკსა და სკვერში გასეირნების წესებს დაარღვევენ. ცვლილებით, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარით, ნაცვლად 20 ლარისა. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში – გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით, ნაცვლად 50 ლარისა. ცვლილება კანონის მიღების შემთხვევაში ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, აღნიშნული სამართალდარღვევისთვის დღეს მოქმედი სანქცია არ აღმოაჩნდა შემაკავებელი ეფექტი, რასაც აჩვენებს დიდ ქალაქებში ჩატარებული კვლევა. როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის დროს დაზუსტდება, რომ სანქციები არ გავრცელდება მუნიციპალიტეტების იმ ტერიტორიაზე, რომელიც სპეციალურად არის გამოყოფილი ცხოველთა სასეირნოდ.
კანონპროექტი ასევე, შეეხება თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნას, გარდა პირუტყვის მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა. წარდგენილი ცვლილებით, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა–პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
მაია ბითაძის განცხადებით, საკომიტეტო განხილვების დროს გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით, კანონპროექტით განსაზღვრულ ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნისთვის განსაზღვრული სანქციების გაზრდის ამოქმედების ვადა გადაიწევს რამდენიმე თვით იმისთვის, რომ მოსახლეობამ იმ თვითმმართველ ქალაქებში, სადაც სანქციის ოდენობის ზრდაა მოსალოდნელი, მეტი ინფორმაცია მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები