“მეორე ფრონტის გახსნის საფრთხის ფონზე, რუსეთთან სამხედრო სფეროში არაერთი ახალი პროექტია განხორციელების პროცესში” – გაგლოევი

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის განცხადებით, “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ სრულად დაუჭირა მხარი დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ზაპოროჟიეს და ხერსონის რეგიონების რუსეთის ფედერაციაში შესვლას. ჩვენი მეგობრების გამო მოხარულნი ვართ, რომ დადგა ისტორიული მომენტი, როდესაც რუსეთთან გაერთიანების შესახებ ხალხის სურვილი ამ ნაბიჯის განხორციელების გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას დაემთხვა”.
ამის შესახებ გაგლოევმა ე.წ. პარლამენტში, “სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტის” მიღების დღესთან დაკავშირებით, ხალხისა და პარლამენტისთვის მიმართვისას თქვა.
მან იმედი გამოთქვა, რომ “შორს არ არის ის დღე, როდესაც სამხრეთ ოსეთის რიგი დადგება”.
“სპეცოპერაციის ფონზე, გააქტიურდნენ საქართველოს რესპუბლიკის დესტრუქციული ძალები, რომლებიც უბიძგებდნენ მას მეორე ფრონტის გახსნისკენ, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ. ამ კუთხით ჩვენ მივიღეთ ზომები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და სამხედრო სფეროში რუსულ მხარესთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად. მსგავსი ინფორმაცია არ ექვემდებარება გამჟღავნებას, მაგრამ შემიძლია, ვთქვა, რომ დღეს რეგიონში სიტუაცია სრულად კონტროლდება. განხორციელების პროცესშია სამხედრო სფეროში არაერთი ახალი პროექტი. საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლებთან ჩვენი შემდგომი ურთიერთობა, მათ შორის, ჟენევის დისკუსიების პლატფორმაზე, დაფუძნებული იქნება დავების გადაწყვეტისას, ძალის გამოუყენებლობის შესახებ ორმხრივად სავალდებულო დოკუმენტის მიღების აუცილებლობაზე”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები