ბექა ოდიშარიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ დიასპორული კვირეულის ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ დიასპორული კვირეულის ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

გაეროს შტაბ-ბინაში ოდიშარია შეხვდა აშშ-ს დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და გაეროს სხვადასხვა მისიებს.
დისკუსია გაიმართა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებზე და დიასპორულ პრობლემატიკაზე.

ამასთან, 25 მაისს – მანჰეტენზე Green Bowling Park-ში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა, რომელიც ორგანიზებული იყო ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ.
ბექა ოდიშარიამ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მიულოცა დღესასწაული, ისაუბრა ქართული დიასპორის მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარების საქმეში, ემიგრანტების რთულ გზაზე და აღნიშნა, რომ ის საფრანგეთის ქართული ისტორიული ემიგრაციის წარმომადგენლების და ამერიკის შეერთებული შტატების პირველი დიასპორული ორგანიზაციის დამფუძნებლის – გიორგი პიტავას (ფსევდონიმი-‘’სანდრო ბარათელი’’) პირდაპირი შთამომავალია.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა.

ბექა ოდიშარიამ მადლობა გადაუხადა ქართულ დიასპორას, აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებისათვის კეთილი ნების ელჩები უწოდა მათ.
მან, ასევე, მადლიერება გამოხატა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიმართ ღონისძიებებისათვის და დიასპორის თითოეულ წევრზე ზრუნვისათვის.
ასევე, მადლობა გადაუხადა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ქართული დიასპორისადმი განსაკუთრებული ყურადღებისა და ზრუნვისთვის და მათი საჩუქარი – პატრიარქის მიერ ნაკურთხი ჯვრები გადასცა დიასპორის წარმომადგენლებს.

‘’ 1992 წელს დამოუკიდებლობის აღდგენით, ჩვენი დროშა გაერო-ს შტაბ-ბინაში ამაყად ფრიალებს და საქართველო გაეროში გაწევრიანდა.
დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, როცა ეს ძლიერი და ლამაზი დროშა მშვიდობიანად დაბრუნდება თავის კუთვნილ ადგილს სოხუმსა და ცხინვალში,”-განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები