შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ვუსურვებ, დამოუკიდებლობის დღე პოზიტიურად გაატაროს, ვინაიდან ეს დღე ჩვენია, ყველა, ვინც ცდილობს, რომ ეს დღე გაატაროს ქიშპში, გვართმევს ამ დღეს
მთლიანად საქართველოს ვუსურვებ, რომ დამოუკიდებლობის დღე პოზიტიურად გაატაროს, ვინაიდან ეს დღე ჩვენია. ყველა, ვინც ცდილობს, რომ ეს დღე გაატაროს ქიშპში, ერთმანეთის ბრალდებაში და ა.შ, გვართმევს ამ დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პაპუაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს, საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს მიულოცა დღევანდელი დღე.
„საქართველოს ყველა მოქალაქეს, ჩვენს თანამემამულეებს ქვეყნის გარეთ, ჩვენს აფხაზ და ოს დებს და ძმებს ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ყველას ვუსურვებ, რომ ჩვენი ერთიანი ქვეყანა იყოს მშვიდობით და კეთილდღეობით სავსე. ჩემს გამოსვლაშიც ვთქვი, რომ 1991 წელს ჩვენ, ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად, ყველამ მხარი დავუჭირეთ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას და ეს არის ის მომენტი, რომელიც ყველას უნდა გვახსოვდეს. ეს არის, რამაც შექმნა ჩვენი თანამედროვე საქართველოს ისტორია და ამ სულისკვეთებით უნდა ვიყურებოდეთ მომავალში. ყველას ვუსურვებ ბედნიერ დამოუკიდებლობის დღეს. ყველას ვუსურვებ ჩვენი დამოუკიდებლობის დღის ერთიან საქართველოში, ერთიანად ზეიმს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტებმა პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს, თუ ვინ მიმართა სალომე ზურაბიშვილს სიტყვა „მოღალატით“ და ვინ შეაწყვეტინა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლა.
„დღეს დამოუკიდებლობის დღეა და ერთადერთი განწყობა, რაც უნდა იყოს, არის პოზიტიური განწყობა. უნდა იყოს გააზრება ჩვენი დიდი ისტორიისა, ჩვენი ახლო წარსულისა და ჩვენი სამომავლო გეგმების. არ მგონია, დღეს ის დღე იყოს, როდესაც ნეგატივზე უნდა ფიქრობდეს ჩვენი ერი თუ პოლიტიკოსები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, რას უპასუხებდა სალომე ზურაბიშვილს, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის გამოსვლაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
მისივე თქმით, დამოუკიდებლობის დღე არ არის ის დღე, როდესაც უნდა იყოს კამათი, დისკუსია, ურთიერთბრალდებები.
„მე შემიძლია, ჩემს გამოსვლასთან დაკავშირებით გესაუბროთ. რა თქმა უნდა, პრეზიდენტის გამოსვლის კომენტირებას ვერ გავაკეთებ. ჩემს გამოსვლას რაც შეეხება, ეს არის ის, რაც აქვს ჩვენს ხელისუფლებას და ეს არის ის ხედვა, რომელსაც მხარს უჭერს ჩვენი ხალხი. ეს დადასტურდა სულ ახლახან შუალედურ არჩევნებზეც და არაერთ არჩევნებშიც.
ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობის დღე არ არის ის დღე, როდესაც უნდა იყოს კამათი, დისკუსია, ურთიერთბრალდებები. ასე რომ, ამ სულისკვეთებაში დავრჩები. მთლიანად საქართველოს ვუსურვებ, რომ ეს დღე პოზიტიურად გაატაროს, ვინაიდან ეს დღე ჩვენია და ყველა, ვინც ცდილობს, რომ ეს დღე გაატაროს ქიშპში, ერთმანეთის ბრალდებაში და ა.შ, გვართმევს ამ დღეს. ქართულ საზოგადოებას ვუსურვებ, რომ ეს დღე მიიღოს, როგორც მისი დღე და ბოლომდე იზეიმოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.