გიორგი ამილახვარი: ყველას, ვინც დაბადებულია 1-ელ ნოემბრამდე და უსრულდება 6 წელი, უფლება აქვს შევიდეს სასკოლო განათლებაში – ვფიქრობთ, ყოველწლიურად 1 თვით გადავწიოთ ეს ვადა და 2 წელიწადში მივალთ 31 დეკემბრამდე
იცით, რომ კიდევ ერთი თვით გადავწიეთ პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადა, ანუ ყველას, ვინც დაბადებულია 1-ელ ნოემბრამდე და უსრულდება 6 წელი, უფლება აქვს შევიდეს სასკოლო განათლებაში, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მინისტრმა განმარტა, რა გეგმები აქვს უწყებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
„სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, ვფიქრობთ, რომ ყოველწლიურად 1 თვით გადავწიოთ [ეს ვადა] და უკვე 2 წელიწადში მივალთ 31 დეკემბრამდე, რაც მიგვაჩნია ყველაზე სწორ, სამართლიან წყალგამყოფად სასკოლო ასაკის ბავშვებთან დაკავშირებით. ეს არის ნებაყოფლობითი. სულ არის მითქმა-მოთქმა, რომ შესაძლოა ბავშვი არ იყოს მზად სასკოლო გარემოსთვის, ეს ერთი თვეც კი მნიშვნელოვანია ამ ასაკში. ამიტომ, ჩვენ ეს საკითხი გავხადეთ ნებაყოფლობითი და მიგვაჩნია, რომ ყველაზე კარგად თუ ვინმემ იცის მისი შვილის უნარები და მზაობა, ეს არიან მშობლები. ამიტომ მშობლები თავად გადაწყვეტენ, შეიყვანონ ბავშვები სასკოლო სივრცეში თუ დატოვონ ბაღებში“, – განაცხადა ამილახვარმა.