ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის აგრესიული ქმედებები მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ 2014 წელს არ დაწყებულა, ის 2008 წელს საქართველოში შეჭრით დაიწყო.
როგორც ალიანსის ხელმძღვანელმა ბრიუსელის ფორუმზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია საქართველო შეესაბამებოდეს იმ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლისაც ყველას სჯერა.
„ვფიქრობ, რომ საქართველო ქცევის მოდელის ნაწილია, ვინაიდან, როგორც ვთქვი, 2014 წელს უკრაინაში დაიწყო ომი, მაგრამ მეზობლების წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებები 2014 წელს არ დაიწყო, როგორც მინიმუმ 2008 წელს დაიწყო საქართველოში შეჭრით.
ასე რომ, ეს ქცევის მოდელი ისტორიული შეხსენებაა, რომ ეს მხოლოდ უკრაინაში ამ ომს არ ეხება, რომ ცივი ომის შემდეგ რუსეთთან უკეთესი, უფრო მეგობრული ურთიერთობების აწყობის მცდელობები ჩავარდა რუსეთის აგრესიული ქცევის გამო, რომელსაც გავლენის სივრცეების ხელახლა დამყარება სურდა, რათა მეზობლები ეკონტროლებინა. და, რა თქმა უნდა, ეს ის სამყარო არ არის, რომელშიც ჩვენ გვსურს ცხოვრება, ვინაიდან, ნატოს მეზობლებს, პოსტსაბჭოურ ქვეყნებს არ ექნებოდათ დამოუკიდებლობა, რომელიც ჩვენი რწმენით, ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს.
ასე რომ, ნატო ბევრი წლის განმავლობაში საქართველოსთან მუშაობდა რეფორმების გატარების, პრაქტიკული პოლიტიკური თანამშრომლობის მხრივ და, რა თქმა უნდა, ომის შემდეგ ვნახეთ, რომ „შუაში“ მყოფი ქვეყნები მოწყვლადი არიან. ჩვენ [ნატოს] მადრიდის სამიტზე გადავწყვიტეთ გავაძლიეროთ ის, რასაც ვაკეთებთ ზღვარზე მყოფი ქვეყნებისთვის. საქართველო [ამის] ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მაგალითია. ამას რომ ვამბობ, ვფიქრობ, ასევე უნდა გვესმოდეს, რომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო შეესაბამებოდეს იმ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლისაც ყველას გვჯერა. და რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ველით, რომ ნატოს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს და არ გაუადვილებენ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაფინანსებასა და ორგანიზებას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.