მამუკა მდინარაძე: პრემიერის გამოსვლა სამაგალითო იყო

„პრემიერმინისტრის გამოსვლა იყო სამაგალითო იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება, ეროვნული ინტერესებიდან გამოხვიდე და ეს იყოს პრიორიტეტი”, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე პრემიერის გამოსვლას.

მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი ქვეყნისთვის დამაზიანებელ ნაბიჯებს არ გადადგამს.

“ეს, ბუნებრივია, ყველა ქვეყნის ინტერესში ზის, რომ ქვეყნის პირველი პირი საუბრობდეს, პირველ ყოვლისა, საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ასე იყო ამ შემთხვევაშიც. მისასალმებელია ასეთი მიდგომა. როდესაც საუბარია იმაზე, დაასანქცირებს თუ არა მაგალითად რომელიმე მიმართულებას საქართველო, პირველ ყოვლისა, მკაფიოდ ამბობს, რომ ვერ, არ გახდება საქართველო სანქციების გვერდის ავლის ადგილი. ამ მიმართულებით ჩვენი პრინციპები და პოზიცია არის ცნობილი, მაგრამ თავის მხრივ სანქციების დაწესებაზე როდესაც არის საუბარი და ეს სანქციები რომ უფრო მეტად დააზიანებს საქართველოს ეკონომიკას, ქართულ საზოგადოებას, ბუნებრივია. ქართველების დამაზიანებელ ნაბიჯებს არ გადავდგამთ და ამიტომ არ დაწესდება საქართველოს მხრიდან სანქციები. მაგალითად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებასაც კი ჩვენი ოპონენტები ისე წარმოაჩენენ, თითქოს, ამერიკა დაასანქცირებს ქვეყანას, ან რომელიმე აეროპორტს და კომპანიას იმის გამო, რომ ეს ქვეყანა არ უწესებს სანქციებს სხვას. ალბათ, ეს არის ისეთი ყალბი მოლოდინი მათი მხრიდან, რომელიც შეიცავს არდასანქცირების გამო დასანქცირების პრეცედენტს. ასეთი რამ არ მომხდარა არასდროს. ასეთი ნარატივის შეპარება ქართული საზოგადოებისთვის არის შეურაცხყოფა“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები