გიორგი ვოლსკი: გიორგი ვაშაძე პერიოდულად ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ კომენტარსაც ვერ მოუძებნი
“გიორგი ვაშაძე პერიოდულად და არა მხოლოდ ის, ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ კომენტარსაც ვერ მოუძებნი, იმდენად უსაფუძვლოა, უჭკუო, უტვინო თუ რა დავარქვა, ორიენტირებულია გარკვეული საკითხების წარმოშობის პროვოცირებაზე”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, გიორგი ვოლსკი გიორგი ვაშაძის განცხადებას.
მისივე თქმით, მსგავსი განცხადებების მიზანია, ქართულ პოლიტიკასთან დაკავშირებით ბუნდოვანება წარმოიშვას.
“ერთხელ თქვა, მოჭიდავეებმა უნდა მცემონ, იმიტომ არ შევდივარ სხდომათა დარბაზშიო, მერე გამოაცხადა, რომ “ქართული ოცნება”, ფიზიკური ანგარიშსწორების გარდა, საერთოდ ფიზიკური ლიკვიდაციის გეგმებს აწყობსო და ამ საკითხებზე გარკვეული შეკითხვებიც დაისვა არა მხოლოდ მედიიდან, საერთაშორისო დონიდან ზოგიერთმა პოლიტიკურმა კოლეგამ რაღაც შეკითხვები დასვეს. ალბათ, მიზანიც ეს არის, რომ გამოიწვიოს შეკითხვების დასმა და გარკვეული ბუნდოვანება წარმოშვას ქართულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ყველაფერი დღესავით ნათელია, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ამ გლობალური ჭიდილის, დაპირისპირების, აგრესიის, ომის, ოკუპაციის ფონზე საქართველომ დაზიანება მიიღოს და ჩვენი ამოცანაა, ამას გადავრჩეთ. ეს რეალობა არსებობს და მას ელემენტებს ამატებენ ავანტიურისტები, როგორიც ვთქვათ, გიორგი ვაშაძეა”, – განაცხადა ვოლსკიმ.
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, „ქართული ოცნება“ რუსეთთან ერთად პროვოკაციას და ხელოვნურ ესკალაციას გეგმავდეს საქართველოს საგარეო ვექტორის შესაცვლელად.