ირაკლი ქარსელაძე: დასავლეთ საქართველოში უეფას სტანდარტის 5 სტადიონი გვექნება
“5 სტადიონის მშენებლობა და რეაბილიტაცია სრულდება დასავლეთ საქართველოში. ქუთაისის შენგელიას სახელობის სტადიონზე, კაპიტალურ რეაბილიტაციასთან ერთად, ფაქტობრივად, თავიდან აშენდა ადმინისტრაციული შენობა, რომელიც სრულად აღჭურვილია სპორტული და თანმდევი აუცილებელი ინფრასტრუქტურით. შესაბამისად, ტესტირებების დასრულების შემდეგ, ქუთაისს ექნება უეფას მე-4, უმაღლესი კატეგორიის სტადიონი, სადაც ნებისმიერი დონის მატჩის გამართვა იქნება შესაძლებელი,“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ განაცხადა.
საქართველოში უეფას, 21 წლამდე ნაკრებთა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის რეაბილიტაცია ჩაუტარდა თბილისის მიხეილ მესხის სახელობისა და ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონებს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს და თბილისის საწვრთნელ – სათადარიგო სტადიონებს. ოთხი ახალი, უეფას მე-4 კატეგორიის, საწვრთნელი და სათადარიგო სტადიონი აშენდა წყალტუბოში, ქობულეთში და ბათუმში. ყველა სტადიონი აღჭურვილია უეფას სტანდარტის ბალახის საფარით და შესაბამისი სარწყავ-სადრენაჟე სისტემით.
ბალახის საფარის პროექტირების, მოწყობისა და ზედამხედველობის სამუშაოები ბრიტანულმა კომპანიებმა „Labosport”-მა და “SIS Pitches”-მა შეასრულეს. სტადიონებზე მოეწყო გაგრილების, გათბობის, წყალმომარაგების, წყალარინების და უსაფრთხოების სისტემები. დარჩენილია სტადიონების მოპირკეთებისა და ტესტირების სამუშაოები.
„ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, შეიქმნა ისეთი სტანდარტის ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის განვითარებას და ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებას“- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რისთვისაც 100 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო. სამუშაოები უეფას ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა. ჩატარებული სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, ბალახის ახალი საფარი მოეწყო 11 მოედანზე, დამონტაჟდა 6 სტადიონის განათების სისტემა, გახმოვანებისა და უსაფრთხოების ახალი სისტემები, ახალი სკამები, ლედ სარეკლამო კედლები და სხვა. უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.