მაკა ბოჭორიშვილი: პარლამენტში არსებობს ბევრი ადამიანი, რომელიც ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოს ევროინტეგრაციას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაკა ბოჭორიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას გამოეხმაურა, სადაც ხმა ოპოზიციის წევრებმაც მისცეს.
მისი შეფასებით, საკანონმდებლო ორგანოში არიან ადამიანები, რომლებიც რეკომენდაციების შესრულებისთვის ხელის შეშლას მაქსიმალურად ცდილობენ.
„საქართველოს პარლამენტში არსებობს ბევრი ადამიანი, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოს ევროინტეგრაციას, რეკომენდაციების შესრულებას და ამ პირობებში, რაც მოხერხდა და გაკეთდა ეს არის დიდი მიღწევა. ჩვენ სამი ადამიანის არჩევა შევძელით და რეკომენდაციის შესრულებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მე რომ ჩემი ოპოზიციონერი კოლეგების მაგივრად ვყოფილიყავი, შეურაცხყოფილად ვიგრძნობდი თავს იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ადგნენ და ცხადად და ღიად განახორციელეს ზეწოლა სხვა კოლეგებზე და არ მისცეს შესაძლებლობა, რომ მათ საკუთარი უფლებამოსილება შეესრულებინათ. ეს იყო დემონსტრირებული ზეწოლა პარლამენტის დამოუკიდებელ წევრებზე და მათ უფლებამოსილებაზე. ამ სურათიდან დასკვნები უნდა გამოიტანოს ყველა იმ პოლიტიკოსმა, ვინც ოპოზიციის მხარეს ზის საქართველოს პარლამენტში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა “ქრონიკის” ეთერში საუბრისას.