“თუ საქართველოსთვის მომგებიანია მოსკოვში ფრენა, მოსკოვისთვის კი – თბილისში, ამაში ცუდი არაფერია“ – ლუკაშენკო
ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო კუხო-ს საპარლამენტო ასამბლეის საბჭოს წევრებს შეხვდა და თქვა, რომ კუხო-ს ქვეყნები ერთმანეთთან ახლოს უნდა იყვნენ, რადგან სუვერენიტეტის შენარჩუნების სხვა გზა არ არსებობს.
მისი თქმით, პოსტსაბჭოთა სივრცის არაერთი ქვეყანა სხვადასხვა პრობლემას და გამოწვევას აწყდება.
“მაგრამ ჩვენ ვიკრიბებოდით, პრობლემებზე ვმსჯელობდით. ხანდახან კი სერიოზულ მოქმედებებს ვახორციელებდით, რომ როგორმე დაგვემშვიდებინა ვითარება პოსტსაბჭოთა სივრცის ამა თუ იმ წერტილში. ეს ბევრი ღირს. ჩვენს დაშორებას ცდილობენ. როგორც გამოცდილმა ადამიანმა, მინდა გთხოვოთ: ფრთხილად, ხმაურის გარეშე, არ დაემორჩილოთ ამ ხრიკებს! თქვენ უნდა იყოთ იქ, სადაც თქვენთვის უკეთესია, თქვენი ხალხისთვის უკეთესია”, – თქვა ლუკაშენკომ.
მან მაგალითის სახით აღნიშნა, რომ თუ ტაჯიკეთისთვის მომგებიანია თავისი მაღალი ხარისხის ბოსტნეულითა და ხილით ვაჭრობა, მაშინ ეს უნდა გაკეთდეს.
„და თუ საქართველოსთვის მომგებიანია მოსკოვში ფრენა, მოსკოვისთვის კი – თბილისში, ამაშიც ცუდი არაფერია“, – აღნიშნა ბელარუსის ლიდერმა.