პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით 77 ხმით, ერთხმად მიიღეს „შრომითი მიგრაციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი.

პარლამენტის ინფორმაციით, საკანონმდებლო ინიციატივით ხდება შრომითი მიგრაციის რეგულირებისათვის არსებული სამართლებრივი ნორმების დახვეწა და განვითარება როგორც შრომითი ემიგრაციის, ისე იმიგრაციის ეფექტიანად მართვის თვალსაზრისით. მიგრაციის კანონის გაძლიერებისა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, შემოდის საშუამავლო კომპანიების სავალდებულო სერტიფიცირება, რომელიც იქნება სრულიად უფასო; სერტიფიცირების შემდეგ ინფორმაცია იქნება საჯარო, რათა მოქალაქეებისათვის ცნობილი იყოს ინფორმაცია იმ კომპანიებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ სტანდარტებს; მოხდება კომპანიების კანონიერი საქმიანობის წახალისება და განვითარების მხარდაჭერა; ადგილობრივ შრომის ბაზარზე უცხოელების დასაქმების პროცესის საკანონმდებლო დონეზე რეგულირება და საქართველოში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ მონაცემების აღრიცხვის გაუმჯობესება; მარეგულირებელ მექანიზმად შრომის ინსპექცია შემოვა, ასევე შემოვა სანქციების მექანიზმი. აღნიშნული კანონპროექტიდან გამომდინარე, ცვლილებები ასევე შედის „შრომის ინსპექციის”, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის”, „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ” კანონებსა და „საქართველოს შრომის კოდექსში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები