“პირდაპირი ფრენები უნდა გაუქმდეს“ – ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები მიმართვას ავრცელებენ

ოპოზიციის წარმომადგენელი ქალი დეპუტატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენებზე თანხმობა გაუქმდეს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა.

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს მისი მხრიდან თანხმობა პირდაპირ ფრენებზე. მართალია, უვიზო რეჟიმის შემოღება – ეს არის ცალმხრივი გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან, მაგრამ პირდაპირი ფრენების აღდგენა, ეს არის ორმხრივი გადაწყვეტილება და ამას საქართველოს მთავრობის თანხმობა არ უნდა ჰქონდეს.

შეუძლებელია, ქვეყანა ერთი მხრივ მიისწრაფვოდეს ევროპისკენ, რისი ოფიციალური განაცხადიც საქართველოს გაკეთებული აქვს და მეორე მხრივ, დგამდეს ნაბიჯებს, რომ დაბრუნდეს რუსეთის ორბიტაზე. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. სხვა შემთხვევაში, მუშაობა და ილუზიის შექმნა, რომ თითქოს 12 პუნქტი სტატუსის მისაღებად სრულდება, იქნება ფარსი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რუსეთ-საქართველოს შორის პირველ პირდაპირ რეისს რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ შეასრულებს, ხოლო 20 მაისიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანია Georgian Airways-იც დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები