გივი მიქანაძე: წლეულს ვატიკანის წმინდა საყდრის ბიბლიოთეკასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება
„მიმდინარე წელს გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი წმინდა საყდრის ბიბლიოთეკასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის, რაც უზრუნველყოფს ქართველი სტუდენტების, მკვლევარებისა და მეცნიერების დაშვებას ვატიკანის ბიბლიოთეკაში დაცულ არქივებში, სადაც მე-15 საუკუნიდან მოყოლებული არაერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ინახება საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებით. დამატებით, ვატიკანის ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს ქართველი ბიბლიოთეკარებისა და არქივარიუსების გადამზადებას”, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი ინფორმაციით, შეთანხმება ვატიკანში, წმინდა საყდრის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა. ეს შეხვედრა გასულ კვირას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მალტაში, წმინდა საყდარსა და იტალიაში ოფიციალური ვიზიტის პარალელურად გაიმართა. „იტალიაში შეხვედრები გაიმართა სენატის კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესა და წარმომადგენლობითი პალატის ანალოგიური კომიტეტის თავმჯდომარესთან.
“აღსანიშნავია, რომ საქართველოს იტალიასთან გაფორმებული აქვს არაერთი ორმხრივი შეთანხმება ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების, ასევე მეცნიერების სფეროში. მოლაპარაკებების შედეგად იტალიის პარლამენტის ორივე კომიტეტის ხელმძღვანელობასთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ შემუშავდება კომიტეტთაშორისი კომუნიკე თანამშრომლობისა და ერთობლივი ღონისძიებების თაობაზე, რაც მიმდინარე წლის შემოდგომაზე თბილისში გაფორმდება. კომუნიკეს ფარგლებში ყოველწლიურად საქართველოსა და იტალიაში ჩატარდება ერთობლივი საკომიტეტო სხდომები, რომელზეც ორივე ქვეყნის განათლების და მეცნიერების სამინისტროს პირველი პირების მონაწილეობით განხილულ იქნება ორმხრივი ხელშეკრულებების განხორციელების შედეგები და დაისახება გეგემები ამ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების უფრო ეფექტიანად და ფართოდ განხორციელების კუთხით”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, ეს ხელს შეუწყობს ორ სახელმწიფოს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებას, რაც შესაძლებელს გახდის სტუდენტებს შორის მეტი გაცვლითი პროგრამებისა და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებას.