საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს დიდი ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას უკვდავ ღვაწლსა და სახელს
3 (15) მაისს კონსტანტინე გამსახურდია დაიბადა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს დიდი ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას უკვდავ ღვაწლსა და სახელს.
„დიდი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების წელი სხვადასხვა წყაროში სხვადასხვაგვარადაა მითითებული: ზოგან – 1891, ზოგან – 1893.
უფრო ზუსტია პირველი თარიღი, რასაც კონსტანტინე გამსახურდია-უმცროსიც გვიდასტურებს.
მაგრამ კონსტანტინე გამსახურდია ის მწერალი და მამულიშვილია, ვისი დაბადების დღის აღნიშვნა მაიცდამაინც „მრგვალ თარიღს“ არ საჭიროებს, როგორც „საქართველოს თანამდევი უკვდავი სული.“
მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითადი ეპიზოდების გახსენებაც მუდამ გვმართებს.
კონსტანტინე გამსახურდიმ 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წელს სწორედ ბერლინის უნივერსიტეტმა მიანიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.
აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში. 1918 წლიდან იყო გერმანიაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საელჩოს ატაშე. ჰამბურგში 3000-მდე ტყვედ ნამყოფი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა თავისივე დაქირავებულ ხომალდით. თან ჩამოიტანა მედიკამენტები და პირველი რადიოდანადგარი.
საბჭოთა რეჟიმის მიერ მწერალი მრავალგზის იყო რეპრესირებული ეროვნული მოღვაწეობისათვის.
1920 წელს სამშობლოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება ლიტერატურულ და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში. 1922 წელს, გალაკტიონ ტაბიძესა და ლეო ქიაჩელთან ერთად, გამოსცა ჟურნალი „ლომისი“; 1922-1923 წლებში – ჟურნალი „ილიონი“, 1923 წელს კი – „საქართველოს სამრეკლო“ და „ქართული სიტყვა“. საბჭოთა ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ ქართველ პატრიოტ მწერლებთან ერთად, შექმნა „აკადემიური ასოციაცია“.
1923 წელს კ. გამსახურდია რამდენიმე თვით გაემგზავრა პარიზში და სორბონის უნივერსიტეტში მოისმინა ლექციები, თუმცა, სამშობლოში მალევე დაბრუნდა და დაიწყო მუშაობა თბილისის უნივერსიტეტში, ამავე დროს, განაგრძო სარედაქციო-საგამომცემლო საქმიანობაც, მაგრამ ხელისუფლებამ ის უნივერსიტეტიდან გამოაძევა, დახურა მისი რედაქტორობით გამომავალი „ილიონი“ და „საქართველოს სამრეკლოც“. ამას მოჰყვა 1924 წელს მისი დაპატიმრება, თუმცა მალე გაათავისუფლეს.
1926 წელს მწერალი კვლავ დააპატიმრეს შპიონაჟის ბრალდებით და საკონცენტრაციო ბანაკში 10 წლით გადასახლება მიუსაჯეს, თუმცა 1927 წლის დეკემბერში ავადმყოფობის გამო გაათავისუფლეს და სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს, მაგრამ მშვიდად ცხოვრებისა და საქმიანობის საშუალება მაინც არ მიეცა. 1931 წელს მწერალთა ფედერაციამ კონსტანტინე გამსახურდია ორგანიზაციიდან ერთხმად გარიცხა. მწერალთა ფედერაციის 1931 წლის 17 მაისის ოქმში ვკითხულობთ: „კონსტანტინე გამსახურდია ცნობილია, როგორც რეაქციონერი და ანტისაბჭოთა მწერალი, რომელიც ამ ათი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ იბრძვის… ფეოდალიზმის თავადაზნაურული იდეოლოგიის შოვინიზმისა და „შავი ჩოხის“ ტრადიციის დასაცავად…“
მწერალმა დაგვიტოვა ჟანრობრივად მრავალფეროვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობა, რომელსაც ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ლიტერატურის ისტორიაში. იგი პროზის დიდოსტატია. ასევე, განუზომლად დიდია მისი ღვაწლი ქართული კრიტიკის, პუბლიცისტიკის, ესეისტიკის, პოეზიის, მთარგმნელობითი ხელოვნების, ისტორიულ-ფილოსოფიური მეცნიერებების განვითარებაში, მაგრამ კონსტანტინე გამსახურდიას სამწერლო დიდება მაინც ისტორიულ რომანს უკავშირდება. მწერალი ავტორია რომანებისა: „დიონისოს ღიმილი”, „მთვარის მოტაცება”, „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა”, „დავით აღმაშენებელი”…
1965 წელს ტეტრალოგიისათვის – „დავით აღმაშენებელი“ – მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.
1944 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად.
კონსტანტინე გამსახურდიას კალამს ეკუთვნის უაღრესად საინტერესო ნოველები და მოთხრობები: „ზარები გრიგალში“, „პორცელანი“, „დიდი იოსები“, „ქოსა გახუ“, „ხოგაის მინდია“, „ჯამუ“, „ლილ“ და სხვ.; აგრეთვე – პირველი თანამედროვე ისტორიულ-ბიოგრაფიული რომანი ქართულ ენაზე „გოეტეს ცხოვრების რომანი“. აღსანიშნავია მისი ესეები ქართველ, რუს, სომეხ თუ დასავლეთევროპელ კლასიკოსთა ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. მან თარგმნა გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“, დანტეს „ღვთაებრივი კომედია“ (I ნაწილი – „ჯოჯოხეთი“ კ. ჭიჭინაძესთან ერთად), რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“, უოლტ უიტმენის ლექსები და სხვ“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.