რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტზე ორ კანონპროექტს და სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ შეთანხმებას პლენარულ სხდომაზე გასატანად მხარი დაუჭირეს
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტზე ორ კანონპროექტს და სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ შეთანხმებას პლენარულ სხდომაზე გასატანად მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, სურსათის ნარჩენად გადაქცევის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტი მომზადდა, რომელიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებს პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ხატია წილოსანმა გააცნო.
მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტი სურსათის ნარჩენად გადაქცევის მინიმუმამდე დაყვანის პრევენციას ითვალისწინებს. მისივე თქმით, კანონპროექტზე მუშაობისას რამდენიმე ევროპული ქვეყნის გამოცდილების შესწავლა და საფრანგეთსა და ბელგიაში სასწავლო ვიზიტები განხორციელდა, ასევე შეხვედრები და კონსულტაციები გაიმართა ბიზნესის წარმომადგენლებთან.
კანონპროექტის თანახმად, ის ორგანიზაციები, რომლებიც სურსათის შეწირულობის მიზნით საქველმოქმედო საქმიანობას განახორციელებენ სპეციალურ რეგისტრაციას გაივლიან და „სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციის“ სტატუსით ისარგებლებენ.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ის საკანონმდებლო ცვლილებებიც გააცნო, რომელიც აღნიშნული კანონპროექტის მომზადებიდან გამომდინარეობს.
კომიტეტის სხდომაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ და „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებზე პრინციპების დონეზე ისაუბრა. ცვლილებების მიზანს ისეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციური მექანიზმის შექმნა წარმოადგენს, რომელიც გააძლიერებს საქართველოში ადგილწარმოშობის დასახელებების და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის სისტემას და შესაძლებელს გახდის, ყველამ მიიღოს სარგებელი, რომელიც სისტემის გამართულ ფუნქციონირებასთან არის დაკავშირებული.
წარმოდგენილი კანონპროექტით ძალადაკარგულად ცხადდება მოქმედი კანონი და არსებითად იცვლება და ახლებურად რეგულირდება გეოგრაფიული აღნიშვნის სისტემა. კანონპროექტის მიერ დასარეგულირებელი სფეროს მნიშვნელობიდან გამომდინარე კომიტეტის წევრებმა მოსაზრებები გამოთქვეს და მისი მნიშვნელობა აღნიშნეს.
კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილული კანონპროექტების პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გატანას, მხარი დაუჭირეს. კომიტეტმა ასევე ერთსულოვნად მხარი დაუჭირა რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაფორმებულ სასესხო შეთანხმებას, რომელიც აჭარის მყარი ნარჩენების პროექტის მეორე ფაზას შეეხება. როგორც საკითხის მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განმარტა პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა და ნაგავსაყრელის ოპერირებისათვის საჭირო სათანადო აღჭურვილობის შეძენა, ასევე ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძველი ნაგავსაყრელების დახურვა.