აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში ცნობად მიიღო

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიშზე იმსჯელა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საკითხი სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა და კომიტეტის წევრებს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვა გააცნო. კერძოდ, იანვარ-მარტის მაკროეკონომიკური მიმოხილვა, იანვარ-მარტის ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტების შემოსავლების შესრულების მაჩვენებლები და ა. შ.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, სამი თვის შედეგების თანახმად, საკმაოდ კარგი ეკონომიკური ტენდენციებია, პირველ სამ თვეში რეალური ეკონომიკური ზრდა 7,2 პროცენტია, უფრო მაღალი, ვიდრე დაგეგმილი. მისივე თქმით, დინამიკა დადებითია და თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, შესაძლებელი გახდება განახლებული პროგნოზების წარმოდგენაც.

მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს დეტალური ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ბიუჯეტის შესრულების სამი თვის თაობაზე მიაწოდა. სამინისტროს ხაზით სამი თვის ფაქტობრივმა შემოსავალმა 164,5 მლნ. ლარი შეადგინა, ანუ გეგმური მაჩვენებლის 97%-ია ათვისებული. რაც შეეხება პროგრამების მიხედვით შესრულებას, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, თითქმის ყველა პროგრამის მიხედვით ათვისების მაჩვენებელი 100%-თან ახლოსაა, ზოგიერთ შემთხვევაში გადაჭარბებითაც არის შესრულებული.

„ნამდვილად კარგი მაჩვენებლით ვიწყებთ წელს. ერთ-ერთი, რაზეც მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, ის არის, რომ 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა ევროკავშირი, შემდეგ მოდიან სხვა სუბიექტები. ასევე საექსპორტო პროდუქციაში, რომელიც გაზრდილია სხვა დანარჩენ საექსპორტო პროდუქტებთან ერთად, არის თხილი და კაკალი, აქ წინა წელთან შედარებით, 6%-იანი ზრდა გვაქვს. სპირტიან სასმელებში 111%-იანი ზრდაა. ამგვარად, ჩვენი მიმართულებითაც პოზიტიური ცვლილებები გვაქვს“, – განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.

კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები