ცნობილ ქართველ რეჟისორს – გუგული მგელაძეს 95 წელი შეუსრულდებოდა
ცნობილ ქართველ რეჟისორს, გუგული მგელაძეს, 95 წელი შეუსრულდებოდა.
„გუგული მგელაძე 1928 წლის 12 მაისს თბილისში დაიბადა. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო (მ. რომის სახელოსნო, 1951) და კინოსარეჟისორო (გ. როშალის სახელოსნო, 1962) ფაკულტეტები.
მან კინოში საქმიანობა დაიწყო, როგორც მსახიობმა – ითამაშა გიორგი სააკაძის უფროსი ვაჟის, ავთანდილის, როლი ფილმში „გიორგი სააკაძე“ (რეჟისორი მ. ჭიაურელი, 1942-43). სტუდენტობის დროს მონაწილეობა მიიღო გერასიმოვის, ბრაუნის, პუდოვკინის და სხვა რეჟისორთა ფილმებში. ასევე მონაწილეობს ფილმში „ჭრიჭინა“ (1954).
გუგული მგელაძე 1961 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორი იყო. მისი სარეჟისორო დებიუტია მოკლემეტრაჟიანი კინოკომედია „ბურთი და მოედანი“ (1965 წელს ფილმმა მიიღო მოსკოვის სპორტული ფილმების პირველი საკავშირო კინოფესტივალის მთავარი პრიზი). გუგული მგელაძე არის დამდგმელი რეჟისორი სხვადასხვა ჟანრის ფილმებისა: „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“ (1965), „ცისკრის ზარები“(1967), „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1969), „გათენების წინ“ (ფილმმა 1971 წელს ტაშკენტში აზიისა და აფრიკის ქვეყნების საკავშირო კინოფესტივალის დიპლომი მიიღო), „თეთრი სახლები“ (1975), „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“ (1975), „ფედია“ (1977), „ძახილი“ (ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით, 1979), „როგორ ვიცხოვრო უშენოდ“ (1980), „მაცივარში ვიღაც იჯდა“ (1983), „ ბაგრატიონი“ (გ. ჭოხონელიძესთან ერთად, 1985), „ფესვები“ (1987), „წარსული მუდამ ჩვენთანაა“ (1989), „ჩაკლული სული“ (გრიგოლ რობაქიძის რომანის მიხედვით, 1999),„გაჭედილები (ენკი-ბენკი)“ (2004) და სხვა.
სცენარის ავტორია ფილმებისა: „განთიადი“ (1960), „ბურთი და მოედანი“ (1961), „ცისკრის ზარები“ (1967), „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“ (1975), „როგორ ვიცხოვრო უშენოდ“ (1980), „გაჭედილები (ენკი-ბენკი)“ (2004) და სხვა. ასევე კომპოზიტორია ფილმისა „თეთრი სახლები“ (1975).
გუგული მგელაძემ თავისი შესაძლებლობები მოსინჯა სამწერლო ასპარეზზეც. გამოცემულია მისი წიგნები: „კინოკურიოზები“, „სიკეთისთვის დევნილნი“, „ არ გვანებივრებს როდესაც დარი“, ასევე – ლექსების კრებულები: „წუთისოფელი“ და „შავი და თეთრი“.
გუგული მგელაძეს 1983 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 1998 წელს ქართული კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის იგი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს გუგული მგელაძის ღვაწლსა და ხსოვნას“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.