დეპუტატებმა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებებზე იმსჯელეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ახლებურად წესრიგდება „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, რაც თავის მხრივ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანის შესრულებას მოემსახურება.

„იურიდიული კომიტეტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობა ჰქონდათ როგორც საპარლამენტო ოპოზიციის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, სახალხო დამცველის ოფისს ჩართულიყვნენ ამ პროცესში; ყველას, ვისაც კი შეიძლება შეხება ჰქონდეს სასამართლოსთან, მივეცით მონაწილეობის და წვლილის შეტანის საშუალება საკითხების იდენტიფიცირებისა და საკანონმდებლო ცვლილებების გაუმჯობესებაში. ასევე წარმოდგენილი იყო პროფესიული საზოგადოება”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შემუშავებული კანონპროექტი ადგენს: ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ან ნაწილობრივ დეპერსონალიზებული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესს; შეზღუდვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში მიღებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებისა და საბჭოს წარდგინების გასაჩივრების საკითხთან დაკავშირებით. იცვლება რაიონული, საქალაქო ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირის განწესების წესი.
კანონპროექტით იხვეწება ორგანული კანონის ნორმები და ზუსტდება შინაარსობრივი თვალსაზრისით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები