ოთარ შამუგია – „პირველად ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის დეკლარაციას ამერიკის შინაგანი დეპარტამენტის სამსახურთან”
აშშ-ის შინაგანი დეპარტამენტის სამსახურს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის დეკლარაციას, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დეკლარაცია მომდევნო 10 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის, ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების განხორციელებით, არაერთი მიმართულებით, მათ შორის, გარემოს დაცვის, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობების დაცვის, ტურიზმისა და ეკოტურიზმის განვითარების კუთხით მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს.
ამერიკულ და ქართულ მხარეებს შორის შეთახმების გაფორმება ამერიკის შეერთებული შტატების შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის (USDOI-ITAP) ინიცირებით მოხდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, აშშ-ის შინაგანი დეპარტამენტის მდივან დებორა ჰალანდთან და აშშ-ის ეროვნული პარკების სამსახურის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე დეკლარაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
აღინიშნა, რომ დეკლარაციის მიზანია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება; ასევე, საუკეთესო პრაქტიკისა და საერთო გამოწვევების შესახებ ფორუმის უზრუნველყოფა. დაცული ტერიტორიების სფეროში საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები მიმართული იქნება დაცული ტერიტორიების მართვის გაუმჯობესებისკენ.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დაცული ტერიტორიების საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებაზე, რაც, ფინანსური მხარდაჭერის გარდა, საუკეთესო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული პარკების სამსახურს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება აკავშირებს, რაც ითვალისწინებს ტექნიკურ მხარდაჭერას, თანამშრომელთა გადამზადებას და სასწავლო ვიზიტებს. დეკლარაციის ფარგლებში, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, კიდევ მეტად გაღრმავდება არსებული კავშირები და გაჩნდება შესაძლებლობა, რომ მრავალ ახალ ინიციატივას ჩაეყაროს საფუძველი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი დაცული ტერიტორიები იმართება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით იმისათვის, რომ გაიზარდოს ჩვენი დაცული ტერიტორიების ცნობადობა მსოფლიო მასშტაბით, გაიზარდოს ინტერესი და, შესაბამისად, ვიზიტორთა რაოდენობა“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი 116.7 ათასი ჰექტრით გაიზარდა და დღეისათვის, 912 ათასზე მეტ ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13 %-ია. აშშ-ის შინაგანი დეპარტამენტი იცავს და მართავს ბუნებრივ რესურსებს და კულტურულ მემკვიდრეობას, უზრუნველყოფს რესურსებზე სამეცნიერო და სხვა სახის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ მინიჭებული მანდატით, დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს ეკონომიკური, ეთნიკური თანასწორობის და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიმართულებით. ამერიკის შეერთებული შტატების შინაგან დეპარტამენტში გამართულ შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე – ნინო თანდილაშვილი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე – ირაკლი გივიაშვილი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსი – დავით იოსებაშვილი ესწრებოდნენ.