აისახება თუ არა საქართველოზე რუსეთ – უკრაინის კონფლიქტი – რას ფიქრობენ ექსპერტები
უკვე მეორე დღეა უკრაინაში რუსი სამხედროები იმყოფებიან. დონეცკის ოლქის ქალაქი ნოვოაზოვსკი და ქალაქში მდებარე დასახლებული პუნქტები რუსმა სამხედროებმა დაიკავეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს რუსეთის ტერიტორიიდან “გრადიდან” ცეცხლი გაუხსნეს, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრად შეფასდა.
უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო უშიშროების საბჭოს სხდომაზე შეკრებილი ქვეყნების უმრავლესობამ უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა. აშშ-მა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ქმედებები დაგმეს.
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზძე უკრაინის კრიზისის შესახებ დასავლეთის რეაქციასა და პოლიტიკას ცინიკურს უწოდებს. მისივე თქმით, დასავლეთმა უკრაინა გაწირა ისევე, როგორც თავის დროზე საქართველო.
როგორც ლაგაზიძემ „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, პირდაპირ აისახება საქართველოზე, ხოლო თუ მსოფლიოსთვის უკრაინა ღირებული არ არის, არც საქართველო იქნება.
პოლიტოლოგის შეფასებით, საერთაშორისო თანამეგობრობის დღევანდელ პოლიტიკა არის 21-ე საუკუნის დასაწყისის გეოპოლიტიკური კატასტროფის პირველი ნიშნები. მისივე თქმით, საქართველო მთლიანად დამოკიდებულია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და გლობალურ გადაწყვეტილებაზე.
„უკრაინაში წყდება საქართველოს ბედი მრავალი ფაქტორის გამო, მათ შორისაა დასავლეთის დამოკიდებულება უკრაინის პროცესების მიმართ. ამას სარკის ეფექტი ექნება. რამდენადაც დასავლეთი დათმობს უკრინას, იმდენად უნდა ველოდოთ დასავლეთის მხრიდან საქართველოს დათმობას. რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, ეს არის დასავლეთის გაუგონრად ცინიკური დამოკიდებულება უკრაინის პროცესების მიმართ.
ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტთან დათანხმება მიწევს. დასავლეთმა გადააგდო უკრაინა, ისევე როგორც თავის დროზე საქართველო. უკრაინის მიმართ დასავლეთის ყოვლდაგაუთვლელი და ცინიკური პოლიტიკით უკრაინამ, ყირიმის სახით არამც თუ დაკარგა თავისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ რუსეთთან პირდაპირ ომშია ჩართული, დასავლეთი კი ამ ყველაფერზე ხელს იბანს. ეს არის 21-ე საუკუნის დასაწყისის გეოპოლიტიკური კატასტროფის პირველი ნიშნები. ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, პირდაპირ აისახება საქართველოზე. თუ მსოფლიოსთვის უკრაინა დღეს არ არის ღირებული, მითუმეტეს არ იქნება საქართველო. თუ დასავლეთი დათმობს უკრაინას და შეთანხმდება პრინციპზე, რომ მას რუსეთი სჭირდება პარტნიორად, პარტიორობაში კი გაცვალოს უკრაინა და სამხრეთ კავკასიაში მისი დასაყრდენი ქვეყნები – საქართველო და აზერბაიჯანი, მაშინ რუსეთს არ დასჭირდება სამხედრო ძალით საქართველოზე თავისი გავლენის აღდგენა. ამისათვის საგარეო და საშინაო ფონიც ხელსაყრელი იქნება. მთლიანად ვართ დამოკიდებული მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და გლობალურ გადაწყვეტილებაზე, რა საფრთხეს დაინახავს ამერიკა და დასავლეთი – რუსეთის შეჭრას ევროპაში და ევროპაზე მისი გავლენის გაფაროებას, თუ ისლამურ ტერორიზმს“, – განაცხადა ლაგაზიძემ.
მისივე თქმით, საქართველოში რუსეთს მხრიდან უკრაინის მსაგავსი ქმედებების განხორციელება მოსალოდნელი არ არის, რადგან საინფორმაციო პოლიტიკის შედეგად, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი რუსული გავლენის მისაღებად მზად არის.
სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე კი მიიჩნევს, რომ უკრაინის კრიზისისადმი ამ ეტაპზე დასავლეთის რეაქცია საკმარისია. მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა ცდილობს პროცესები არ გადაიზარდოს სამხედრო ფაზაში, რადან დასავლეთი ამისთვის მზარ არ არის.
„უკრაინაში საკმაოდ რთული ვითარებაა, მაგრამ დრამატიზირება არ ღირს. მდგომარეობა არც ისე კატასტროფულია, რომ ფართომასშტაბიან რუსეთ-უკრაინას შორის ომზე ვისაუბროთ. დასავლეთი ცდილობს, პროცესი არ გადავიდეს სამხედრო ფაზაში. როდესაც ევროპა იძულებული გახდება, სამხედრო ძალებსაც მიმართოს, ამისთვის გარკვეული ეკონომიკური და სამხედრო მზაობა სჭირდება, ამიტომ ჯერჯერობით კმაყოფილდებიან ქმედებებით, რომელიც არ შეიცავს სამხედრო ელემენტს. რადგან ევროპას ჯარისკაცებისა და ტანკების რაოდენობა ბევრი ჰყავს ეს არ ნიშნავს, მზაობას სამხედრო მოქმედებებისთვის“, – აღნიშნა თავდგირძემ.
ექსპერტი საქართველოს მთავრობის რეაქციასაც საკმარისად მიიჩნევს. ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ საქართველოს ყველა ჰუმანიტარულ ღონისძიებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა, ხოლო მეტი შესაძლებლობა არ გვაქვს.
„საქართველოს მხრიდან ამ ეტაპზე შეშფოთების გამოხატვა და დაგმობა რუსეთის ქმედბების საკმარისია. ყველა ჰუმანიტარულ ღონისძიებაში რა თქმა უნდა, უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ამ ეტაპზე მეტი შესაძლებლობა არ გვაქვს და უნდა დავკმაყოფილდეთ“, – განუცხადა “კვირას” ექსპერტმა გიორგი თავდგირიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს უკრაინის მოვლენების გამო საფრთხე არ ემუქრება, რადგან რუსეთს არ შეუძლია აწარმოოს ინტერვენცია ორ ქვეყანაში, ხოლო უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ჩვენს ქვეყანაზე დადებითად უფრო აისახება, ვიდრე უარყოფითად.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქი ნოვოაზოვსკი და ქალაქში მდებარე დასახლებული პუნქტები რუსმა სამხედროებმა 28 აგვისტოს დაიკავეს.
აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე სატალეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ რუსეთი პასუხისმგებელია აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობაზე. ობამას განცხადებით, რუსეთი წვრთნის, აიარაღებს და აფინანსებს სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში. მისივე თქმით, რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დამატებითი ფასის გადახდა მოუწევს. “ნატო-ს ახალი მონაცემები ადასტურებს რუსეთის ჯარის ყოფნას უკრაინაში. კრემლი პასუხისმგებელია დონბასში ვითარების ესკალაციაზე”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კი განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს დონბასის მოსახლეობას, რომლებიც “ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგანან”. ვლადიმერ პუტინმა სეპარატისტებს მოუწოდა, გახსნან ჰუმანიტარული კორიდორი.
“მოვუწოდებ “აპალჩენცებს”, გახსნან ჰუმანიტარული კორიდორი უკრაინელი სამხედროებისთვის, რომლებიც ალყაში არიან მოქცეულები იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული უაზრო სისხლისღვრა. მიეცეს მათ საშუალება დაუბრკოლებლად გამოვიდნენ საბრძოლო მოქმედებების რაიონიდან და დაუბრუნდენენ თავიანთ ოჯახებს”, – აღნიშნულია კრემლის ინფორმაციაში. უკრაინა კი იმედოვნებს, რომ ნატოს წევრობის გარეშე აშშ-ის მოკავშირის სტატუსს მიიღებს. “ჩვენი სახელმწიფო იმედოვნებს აშშ-ის დახმარებას. კერძოდ კი, ნატოს წევრობის გარეშე სპეციალური ძირითადი მოკავშირის სტატუსის მიღებას”, – განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ მიხაილ კოვალმა.