საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პოლიტიკური ჯგუფების რეგისტრაციის თაობაზე იმსჯელა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა” (9 წევრი) და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის” (5 წევრი) რეგისტრაციის საკითხს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფების დარეგისტრირება შესაძლებელია. რაც შეეხება კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების” რეგისტრაციას, ამ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის დასკვნა უარყოფითია.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, ამ ჯგუფში გაერთიანებულია ორი დეპუტატი – რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე, ისინი პარლამენტში არჩეული არიან საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” წარდგენით. იმავე საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უკვე შექმნილი აქვთ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია”, რაც იმავე საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის სხვა წევრებს არ აძლევს დამოუკიდებლად ცალკე პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტები” რეგისტრაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები