ხატია დეკანოიძე: დავით არახამიას არანაირი კავშირი არ აქვს მიხეილ არახამიასთან, ჩემთვის ცნობილია, რომ მას დედმამიშვილი არ ჰყავს
“დავით არახამიას არანაირი კავშირი არ აქვს მიხეილ არახამიასთან. ჩემთვის ცნობილია, რომ მას დედმამიშვილი არ ჰყავს. არავითარი კავშირი, რა თქმა უნდა, ქოლცენტრებთან არ აქვს”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში უმრავლესობას აქტიური მონაწილეობის საშუალება ექნება.
„გამოვიძიოთ, იყოს ქოლცენტრების საგამოძიებო კომისია. დადგინდეს ყველა, ვისაც აქვს ან არ აქვს კავშირი. ვაშაძეს ვერ ექნება უმრავლესობა ამ კომისიაში. რა თქმა უნდა, იქ ოპოზიციას ექნება უმრავლესობა და ყველა იმ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია. უმრავლესობას შეუძლია მიიღოს ძალიან აქტიური მონაწილეობა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, აღმაშენებლის 75 ნომერში სავარაუდო დანაშაულებრივ ქოლცენტრზე ინფორმაცია „ქრონიკამ“ გაავრცელა. მათი ინფორმაციით, საჯარო რეესტრის მონაცემებით, შენობის 25%-იანი წილის მფლობელი არის გიორგი ვაშაძის ძმა, დავით ვაშაძე, თავად ფართი კი გაქირავებულია მიხეილ არახამიაზე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი პოლიტიკოსის, დავით არახამიას ძმაა.