გიორგი ამილახვარმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელთან, ნიკ ბერესფორდთან განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების გზები და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილა.

გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა ნიკ ბერესფორდს მრავალწლიანი პარტნიორობისთვის და აღნიშნა, რომ გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. შეხვედრაზე მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების მხარდაჭერაზე. გიორგი ამილახვარის თქმით, ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია კერძო სექტორის მაქსიმალური ჩართულობა – მინისტრმა სტუმარს ის მექანიზმები გააცნო, რომლის შეთავაზებასაც კერძო სექტორისთვის აპირებს.

გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა, თავის მხრივ, მხარდაჭერა აღუთქვა მინისტრს პროფესიული განათლების განვითარების საქმეში და ამ მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და სამინისტროსთან თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები