“არ მგონია, რომ რუსეთის დაშლა ვნახოთ, ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას” – ილჰამ ალიევი

“არ მგონია, მოვესწროთ იმ დროს, როდესაც რუსეთი დაიშლება”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შუშაში IV საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა თემაზე „დიდი ევრაზიის გეოპოლიტიკის ფორმირება: წარსულიდან აწმყომდე და მომავლამდე“, რომელიც ეძღვნება ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილეს.

მისი თქმით, “რუსეთისთვის ასეთ სცენარს არ ველოდებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის და ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. და მე მჯერა, რომ ნებისმიერი ქვეყნის დაშლა, განსაკუთრებით – შენი მეზობლის, რა თქმა უნდა, შესაძლოა, შენთვის პოტენციურ საფრთხეს შეიცავდეს”.

“რაც შეეხება ჩვენს მეზობლებს, ჩვენს ისტორიულ მეზობლებს და ძმებს დაღესტანსა და ჩეჩნეთში. მათთან ჩვენი ურთიერთობა ეფუძნება ჩვენს ისტორიას, საერთო ისტორიას და ძმობას. როგორც სამხრეთ კავკასიის ქვეყანა, აზერბაიჯანი ყოველთვის, ნებისმიერ დროს – საბჭოთა კავშირის დროს, მეფის რუსეთის დროს და მანამდე – ინარჩუნებდა ყველაზე მჭიდრო ურთიერთობას ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან: ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული, რელიგიური და მრავალი სხვა კავშირები, მათ შორის, ნათესაური. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის გვინდოდა, რომ ჩვენს ძმებს დაღესტანსა და ჩეჩნეთში, სრულად გამოეყენებინათ თავიანთი უზარმაზარი პოტენციალი“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ალიევმა აღნიშნა, რომ „აზერბაიჯანსა და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს შორის ურთიერთობა ყოველთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში და ეს კარგად იციან მოსკოვშიც და ბაქოშიც. მაღალი დონის მრავალი შეხვედრის დროს ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავდით სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობას ჩრდილოეთ კავკასიასა და სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, აზერბაიჯანში. დიახ, ჩვენ გვყოფს ადმინისტრაციული, სახელმწიფო საზღვრები კავკასიაში. მაგრამ კავკასია არის ერთიანი ორგანიზმი, რომელიც არ შეიძლება, დაიყოს ნაწილებად”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები