მაკა ბოჭორიშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდნენ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, ბუნდესტაგის დელეგაცია დღეს ასევე შეხვდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებს. განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, ევროკომისიის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, მიმდინარე რეფორმები და არსებული გამოწვევები. შეხვედრებისას საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს. დადებითად შეფასდა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტსა და ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტს შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების აქტიური დინამიკა.

„გერმანელ კოლეგებს გავაცანით 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა. მნიშვნელოვანია, ის განწყობა და მხარდაჭერის სურვილი, რაც არსებობს გერმანიის მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. მათთვის, ასევე მნიშვნელოვანია, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან მოისმინონ თუ რამდენად გვსურს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ევროკავშირში გაწევრიანება, რამდენად სერიოზულად ვუყურებთ ამ საკითხს და არის თუ არა ის 80 %-იანი მხარდაჭერა ასახული ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ბუნებრივია, ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს ის შესაძლებლობა, რომ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრების დასრულების შემდეგ.

გერმანიის დელეგაციის წევრები შეხვედრებისას მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დებატებს გამართავენ ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტში, რის შემდგომაც საკუთარ მოსაზრებებს გერმანიის მთავრობას წარუდგენენ.

„ვისურვებ, რომ რამდენიმე წელში, ჩვენი ევროპული ოჯახი კიდევ უფრო გაიზარდოს და იმ ქვეყნებს, რომლებიც ისწრაფვიან ევროკავშირისკენ მიეცეთ ამის შესაძლებლობა. მიხარია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროპულად აზროვნებს და მიისწრაფვის ევროკავშირისკენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია”, – განაცხადა დელეგაციის წევრმა, კრისტიან პეტრიმ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, გერმანელმა კოლეგებმა ოპოზიციას და მმართველ გუნდს 12 რეკომენდაციის შესასრულებლად ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდეს. „ჩვენ დაგვპირდნენ კოლეგები, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ საქართველოს მხარდასაჭერად. ვფიქრობ, მათი საქართველოში ვიზიტიც არის ამის დასტური. საქართველოს, გერმანიის სახით, ევროკავშირში ჰყავს ერთგული მეგობარი იმისთვის, რომ ხალხის დაკვეთა შესრულდეს და ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები