ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში, ჯეიმ აპატურაი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ნატოს დღის წესრიგში საქართველო ძალიან მაღლა დგას.
“შემიძლია, სრულიად ნათლად და დარწმუნებით ვთქვა, რომ ნატოს დღის წესრიგში საქართველო ყოველდღიურად ძალიან მაღლა დგას – საბჭოს დონეზე ყველა შეხვედრაზე, როდესაც ჩართულობაზე ვსაუბრობთ, მათ შორის, მეზობლებზე რუსეთის ცუდი გავლენის კონტექსტში. უკვე გადავწყვიტეთ, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა გავზარდოთ, ამას ვაკეთებთ. ვიცი, რომ მიდის საუბარი, ამ გაძლიერებული თანამშრომლობის პროგრამას მეტი ხორცი შეესხას.
როგორი პოლიტიკური ენა იქნება [ვილნიუსის სამიტზე], რომელიც ღია კარის პოლიტიკას შეეხება, გულწრფელად არ ვიცი. დოკუმენტის წინასწარი ვარიანტიც არ არის წარდგენილი, მაგრამ ნათელია, ბუქარესტის [სამიტის] პირობა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, რჩება და ამის არანაირ ცვლილებას არ ველი. ასე რომ, დაველოდოთ და ვნახოთ, როგორი ენა იქნება”, – განაცხადა აპატურაიმ.