გივი მიქანაძე: უნდა შევახსენოთ ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს, რომ ეს ხელისუფლება სწორედ ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის მიერ არის არჩეული
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას გამოეხმაურა.
“როდესაც ის ქართველ ხალხსა და ხელისუფლებას ერთმანეთისგან მიჯნავს, ეს არის სუფთა რუსული ნარატივი. როდესაც არის მცდელობა, ხალხი ცალკე წამოაჩინოს და ხელისუფლება ცალკე, უნდა შევახსენოთ ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს, რომ ეს ხელისუფლება სწორედ ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის მიერ არის არჩეული. ის, რომ ამ ხელისუფლებას აქვს სრული ლეგიტიმაცია და გაზრდილი მხარდაჭერა, ეს დაადასტურა გასულ კვირას ჩატარებულმა შუალედურმა არჩევნებმა“, – განაცხადა მიქანაძემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ ქსელში დაწერა: „თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს მოხდება არა იმიტომ, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ შეასრულეს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული ყველა პრიორიტეტი, არამედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ამას და გეოპოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს“.