ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები მომდევნო კვირებში კონტრშეტევას გეგმავენ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის კონტრშეტევის წარმატება საუკეთესო გზაა მოლაპარაკებამდე მისასვლელად.
„უკრაინაში რუსეთმა უკვე მარცხი განიცადა იმ გაგებით, რომ რის მიღწევასაც თავდაპირველად ცდილობდნენ, ეს იყო უკრაინის რუკიდან წაშლა, მისი რუსეთში შეყვანა, უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის აღმოფხვრა. ამას ვერ მიაღწიეს და არც გამოუვათ.
ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები მომდევნო კვირებში კონტრშეტევას გეგმავენ. ვნახოთ რა მოხდება. საბოლოო ჯამში, მისი წარმატება ბრძოლის ველზე საუკეთესო და, ალბათ, ყველაზე სწრაფი გზაა მოლაპარაკებამდე მისასვლელად, რომელიც სამართლიან და მყარ მშვიდობას გამოიწვევს“, – განაცხადა ბლინკენმა.
როგორც მან აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვინც მშვიდობის გამყარებაში მონაწილეობს, უშუალოდ უკრაინულ მხარეს ესაუბრებოდეს.
„ვფიქრობ, ყველა ქვეყნისთვის ვართ ღია, რომელიც საპასუხისმგებლო ძალისხმევას იღებს მშვიდობის მისაღწევად და ეს რამდენიმე საკითხით იწყება. უპირველეს ყოვლისა იმის აღიარებით, რომ საქმე უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ეხება, ამიტომ ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებას ეს საფუძვლად უნდა ედოს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.