უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა რუსეთის ჯარების მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს მოუწოდა, არ აიღონ რუსული პასპორტები და რუსეთთან არცერთი ფორმით არ ითანამშრომლონ.
საქმე ისაა, რომ გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, დასაშვები იქნება უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების იმ მაცხოვრებლების დეპორტაცია, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობა არ მიიღეს.
ამ განკარგულების თანახმად, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ყველა, ვინც უარს იტყვის რუსეთის მოქალაქეობაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქედ მიიჩნევა და, ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემთხვევაში, მათი დეპორტაცია მოხდება.
როგორც ვერეშჩუკმა სოციალურ ქსელში დაწერა, “მათ სურთ, რომ უკრაინელები ან გახდნენ რუსები, ან დატოვონ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები. ჯერ ერთი, შეუძლებელია უკრაინელების რუსებად გადაქცევა. იძულებითი პასპორტიზაცია ან რეპრესიები ამას არ უშველის. მეორე, ვინ თქვა, რომ რუსები დიდხანს იცხოვრებენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე?”
ვერეშჩუკი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ უკრაინელებს ურჩევს: არ აიღონ რუსული პასპორტები; არ ითანამშრომლონ ოკუპანტებთან; შეძლებისდაგვარად დატოვონ ტერიტორია და დაელოდონ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.