ზუგდიდის ბაზრის მიმდებარედ, გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით, მოვაჭრეები აქციას მართავენ

ზუგდიდში, ცენტრალური ბაზარი დილიდან დაკეტილია. მოვაჭრეები აქციას მართავენ. ისინი ბაზრის მიმდებარედ გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გარემოვაჭრეები სამუშაოდ ბაზარში არსებულ ფართებზე უნდა შევიდნენ. მათი მტკიცებით, მყიდველი შიდა ტერიტორიაზე სწორედ იმიტომ არ შედის, რომ სასურველ საქონელს ბაზრის მიმდებარედ ყიდულობს.

„საშინელი ანტისანიტარიაა ბაზრის გარშემო. შიგნით, ბაზარში მყიდველი არ შემოდის, რადგან ყველი, ხორცი, პური იქვე ქუჩაში იყიდება, ყოველგვარი სანიტარიული ნორმების დარღვევით. შემოიყვანონ ბაზარში გარემოვაჭრეებიც, გადაიხადონ მოსაკრებელი. მერია დაგვპირდა, აღდგომის შემდეგ იქნებოდნენ, მაგრამ ტყუილი აღმოჩნდა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის მცდელობაც ჰქონდათ, თუმცა, სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს მუშაობა, რათა ორივე მხარის ინტერესი გათვალისწინებული იყოს.

„ვმუშაობთ, რომ მიღებული იქნეს ოპტიმალური გადაწყვეტილება და შეთავაზებული იყოს ალტერნატივა. ამ ეტაპზე, სხვა დამატებით ინფორმაციას ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადეს მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები