„პუტინი გენოციდისთვისაც დაისჯება“ – ზელენსკი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის გენოციდად აღიარება ხელს შეუწყობს უკრაინის წინააღმდეგ გენოციდური პოლიტიკისთვის რუსეთისა და მისი ლიდერების პასუხისგებაში მიცემას.

„დღეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი დადგა სტრასბურგში – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე. მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომელიც აღიარებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია შეიცავს გენოციდის ნიშნებს. ეს არის პირველი აღიარება ასეთი მაღალი საერთაშორისო ორგანიზაციის დონეზე, რომელიც ჩვენი კონტინენტის სახელმწიფოებს აერთიანებს.

პრაქტიკულად, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს გლობალურ მუშაობას, რათა რუსეთმა და მისმა ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის ტერორისტული სახელმწიფოს მეთაურმა, პასუხი აგონ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდალური პოლიტიკის გამო.

უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია რუსეთის მცდელობის ერთ-ერთი აბსოლუტურად კარგად გააზრებული ელემენტია, რომელიც მიზნად ისახავს წაშალოს ჩვენი ხალხის იდენტობა, გაანადგუროს უკრაინელების არსი. ეს არის რუსეთის ოფიციალური პირების მიერ ჩადენილი გენოციდის გააზრებული დანაშაულია. ასე უნდა იყოს კვალიფიცირებული როგორც პოლიტიკურად, ასევე იურიდიულად“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას დღეს კონკრეტულად ბავშვებთან და ოჯახებთან დაკავშირებით მიმართა.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, ასევე კარგად იმუშავეს უკრაინელმა პარლამენტარებმა და დიპლომატებმა.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია და რუსეთის ტერიტორიაზე იძულებით გადაყვანა გენოციდად აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები