ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია და რუსეთის ტერიტორიაზე იძულებით გადაყვანა გენოციდად აღიარა.
უკრაინული მედიის ცნობით, საპარლამენტო ასამბლეამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდა, განიხილოს ამ დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დევნის შესაძლებლობა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე დებატებისას მიღებულ იქნა შესაბამისი რეზოლუცია, რომლის სრული სახელწოდებაა, „უკრაინელი ბავშვებისა და სხვა სამოქალაქო პირების რუსეთის ფედერაციაში ან უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დეპორტაცია და ძალადობრივი გადაადგილება: მათი უსაფრთხო დაბრუნებისთვის პირობების შექმნა, ამ დანაშაულების შეწყვეტა და დამნაშავეების დასჯა“.
აღნიშნულ რეზოლუციას სესიაზე დამსწრე 89 დეპუტატიდან მხარი 87-მა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო ერთი, ხოლო ერთმა დეპუტატმა კენჭისყრისგან თავი შეიკავა.
რეზოლუციაში ასამბლეა მოწოდებით გამოვიდა „დაუყოვნებელი და გადაუდებელი ზომები იქნას მიღებული, რათა შეჩერდეს რუსეთის მიერ ამჟამად განხორციელებული უკანონო იძულებითი გადაყვანისა და დეპორტაციის პრაქტიკა უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ“.
ასამბლეა ხაზს უსვამს ცალკეული შემთხვევების აღრიცხვისა და მონიტორინგის აუცილებლობას, ასევე პასუხისმგებლობის მტკიცებულებების შეგროვებას, რათა დამნაშავეები, პასუხისმგებლობის ყველა დონეზე, მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ“.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელების რუსეთში უკანონოდ დეპორტაციის პრაქტიკა ჯერ კიდევ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებამდე მიმდინარეობდა.