ამერიკელი ჟურნალისტი აცხადებს, რომ 30 წლის წინ ტრამპმა მასზე სექსუალურად იძალადა
ამერიკელი ჟურნალისტი, მწერალი და ჟურნალ Elle-ს ყოფილი მიმომხილველი, ელიზაბეთ ჯინ კეროლი აცხადებს, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 30 წლის წინ მასზე სექსუალურად იძალადა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კეროლი ტრამპს გაუპატიურების ბრალდებით უჩივის. აღნიშნულთან დაკავშირებით მან ნიუ-იორკის სასამართლოს ჩვენება უკვე მისცა.
„აქ იმიტომ ვარ, რომ დონალდ ტრამპმა გამაუპატიურა და როდესაც ამის შესახებ დავწერე, მან მოიტყუა, თქვა, რომ ეს არ მომხდარა. მან მოიტყუა და გაანადგურა ჩემი რეპუტაცია. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ვცადო და დავიბრუნო ჩემი ცხოვრება“, – განაცხადა კეროლმა.
როგორც მან აღნიშნა, დონალდ ტრამპმა მასზე სექსუალურად 1996 წელს მანჰტენის ერთ-ერთი მაღაზიის გასახდელ ოთახში იძალადა.
მისივე თქმით, შემთხვევის შემდეგ მან რომანტიკული ცხოვრების გაგრძელება ვეღარ შეძლო.
თავის მხრივ, კეროლის ბრალდება ტრამპმა არაერთხელ უარყო. 26 აპრილს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა კეროლის განცხადებას „თაღლითური და ცრუ ისტორია“ უწოდა.
„ის არ ყვიროდა? მოწმეები არ არიან? არავის უნახავს ეს?“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.