პოდოლიაკი: უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა ომში ნეიტრალური პოზიცია შეინარჩუნოს
ჩინეთი იღებს გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს უკრაინის ომისგან, მაგრამ მასში არ ერევა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა ომში ნეიტრალური პოზიცია შეინარჩუნოს.
„არის თუ არა ჩინეთი ომის ბენეფიციარი? მეჩვენება, რომ ომისგან ბევრი ეკონომიკური ბენეფიციარია, არა მხოლოდ ჩინეთი, მაგრამ ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი არ ჩაერიოს ამ ომში და განაგრძოს ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება, როგორსაც დღეს იკავებს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
მისივე თქმით, ჩინეთი სარგებლობს რუსეთისთვის ევროპული ბაზრების დახურვით შექმნილი სიტუაციით და ამით გარკვეულ სარგებელს იღებს.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ჩინეთი რუსეთში სამხედრო ტექნოლოგიების ან იარაღის კუთხით ინვესტიციებს არ ახორციელებს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი დაიცავს ამ ნეიტრალურ პოზიციას და არ ჩადებს ინვესტიციას ომში, არ დაუჭერს მხარს რუსეთს“, – განაცხადა მრჩეველმა.