“სულ მალე დაუბრუნდება საარჩევნო კამპანიას” – თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ერდოღანის მდგომარეობაზე
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ინფიცირების შემდეგ უმჯობესდება, ის წინასაარჩევნო კამპანიას გაგრძელებას სულ მალე შეძლებს, – განაცხადა რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ქოჯამ.
„პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან კარგია. ორგანიზმზე ინფექციის გავლენა შემცირდა. მე შევხვდი მას, ის მოკითხვას გითვლით. უახლოეს მომავალში ის გააგრძელებს მუშაობას“, – თქვა მან.
თურქეთის პრეზიდენტი შეუძლოდ Ulke TV-სა და Kanal 7-ის ერთობლივი პირდაპირი ეთერის დროს გახდა.
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თურქეთის პრეზიდენტის გრაფიკის გამო, ეთერის გადადება ჯერ 1,5 საათით გახდა საჭირო, დაწყებიდან მალევე კი, მდგომარეობის გაუარესების გამო, 10 წუთით შეწყდა.
ეთერში დაბრუნების შემდეგ, ერდოღანმა მაყურებელს ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ ბოლო ორი დღე ძალიან დატვირთული იყო და რომ მას კუჭთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.
“რაღაც მომენტში ვფიქრობდი, სწორად გამიგებდნენ თუ არა, რომ გადაცემაში მონაწილეობა გამეუქმებინა. მაგრამ იყო დაპირება. ბოდიშს გიხდით თქვენ და მაყურებელს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ამის შემდეგ, მან კიდევ რამდენიმე კითხვას უპასუხა და გადაცემა დასრულდა.
ამასთან, სოციალურ ქსელში მისი მდგომარეობის შესახებ ბევრი ინფორმაცია გაჩნდა, მათ შორის, ის, რომ თურქეთის ლიდერი ინფარქტით არის ჰოსპიტალიზებული.
ერდოღანის პარტიასა და მის ადმინისტრაციაში გავრცელებული ხმები უარყვეს.
კერძოდ, “სამართლიანობისა და განვითარების” პარტიის ლიდერის მოადგილემ და სპიკერმა, ომერ ჩელიკმა თქვა, რომ ინტერნეტში ერდოღანის ჯანმრთელობის შესახებ “ამორალურად ყალბი ცნობები” ვრცელდება.
მან თქვა, რომ პრეზიდენტი აგრძელებს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და, ერთდღიანი პაუზის შემდეგ, დაუბრუნდება დაგეგმილ განრიგს. ასევე, მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ერდოღანს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
ერდოღანის სპიკერმა, ფაჰრეთინ ალთუნმა განაცხადა, რომ გავრცელებული ცნობები, თითქოს, პრეზიდენტს კამპანიაში პაუზის აღება მოუწია და რომ ის ინფარქტით არის ჰოსპიტალიზებული – სიმართლეს არ შეესაბამება.
„კატეგორიულად უარვყოფთ ამ უსაფუძვლო განცხადებებს პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ… ხვალ პრეზიდენტი ვიდეოკავშირით მიიღებს მონაწილეობას ატომური ელექტროსადგურის გახსნაში. არავითარი დეზინფორმაცია არ შეცვლის იმ ფაქტს, რომ თურქი ხალხი თავის ლიდერთან ერთად, 14 მაისის არჩევნებში გამარჯვებისკენ მიისწრაფვის“, – განაცხადა ერდოღანის სპიკერმა.