ვოლოდიმირ ზელენსკი: ტერიტორიული კომპრომისების ხარჯზე მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინელ კოლეგასთან, სი ძინპინთან სატელეფონო საუბრის დეტალების შესახებ განაცხადა.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა Telegram-ზე აღნიშნა, ტერიტორიული კომპრომისების ხარჯზე მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია.

„ერთსაათიანი საუბრის დროს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხების მთელი კომპლექსი განვიხილეთ. განსაკუთრებული ყურადღება უკრაინისთვის სამართლიანი და მყარი მშვიდობის დამყარებისთვის შესაძლო ურთიერთქმედების გზებს დავუთმეთ.

უკრაინელ ერზე მეტად მშვიდობა არავის არ სურს. ჩვენ მიწაზე ვართ და ჩვენი მომავლისთვის ვიბრძვით, თავდაცვის განუყოფელ უფლებას ვიყენებთ. მშვიდობა სამართლიანი და მყარი უნდა იყოს, საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და გაეროს ქარტიას უნდა ეყრდნობოდეს.

არანაირი მშვიდობა არ შეიძლება იყოს ტერიტორიული კომპრომისების ხარჯზე. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა 1991 წლის საზღვრებში უნდა აღდგეს“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

ამასთან, ზელენსკის თქმით, საუბრისას განიხილეს უკრაინულ-ჩინური პარტნიორობის გაძლიერების გზები.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრამდე ჩინეთი იყო უკრაინის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი.

„მჯერა, რომ ჩვენი დღევანდელი საუბარი ძლიერ ბიძგს მისცემს ამ დინამიკის ყველა დონეზე დაბრუნებას, შენარჩუნებას და განვითარებას“, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

თავის მხრივ, ზელენსკის პრესმდივანმა უკრაინისა და ჩინეთის სამშვიდობო გეგმებს „გადაკვეთის წერტილები“ ​​უწოდა.

მისი თქმით, საუბარია როგორც ბირთვული იარაღის გამოუყენებლობასა და გაუვრცელებლობაზე, ასევე ბირთვული ობიექტების უსაფრთხოებაზე.

„ეს არის გადაკვეთის წერტილები, საიდანაც შეგვიძლია დავიწყოთ ამ დიალოგის განვითარება. ასევე სასიამოვნოა, რომ ჩინეთი დაინტერესებულია მშვიდობის აღდგენით“, – განაცხადა ნიკიფოროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები