“კარგი ამბავია” – თეთრი სახლი სი ძინპინსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარს მიესალმება

შეერთებული შტატები სი ძინპინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარს მიესალმება, მაგრამ ჯერ ვერ ამბობენ, გამოიწვევს თუ არა ის სამშვიდობო მოლაპარაკებებს,- ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს კარგი ამბავია. რაც შეეხება იმას, გამოიწვევს თუ არა ეს ფაქტი მშვიდობისკენ რამე ძვრებს, გეგმას ან წინადადებას – ჩვენ ეს ჯერ არ ვიცით. ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტ სი ძინპინსა და პრეზიდენტ ზელენსკის სატელეფონო საუბარს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ პრეზიდენტი სი ძინპინი და ჩინეთის წარმომადგენლები უკრაინის პოზიციას უნდა გაეცნონ”, – ამბობს კირბი.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა ასევე თქვა, რომ აშშ არ უწევდა ამ საუბრის კოორდინაციას.

„წინასწარ სატელეფონო ზარის შესახებ არ ვიცოდით. ისინი სუვერენული ლიდერები არიან და ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ მათ ისაუბრეს”, – აღნიშნა კირბიმ.

მან ასევე თქვა, რომ ომი უკრაინაში დიპლომატიური გზით უნდა დასრულდეს და „აქ მთავარი პრინციპია, რომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობა და სუვერენიტეტი უნდა იყოს უზრუნველყოფილი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები