ჩეხეთმა რუსეთის პატრიარქს სანქციები დაუწესა

ჩეხეთმა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლს, პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა.

შესაბამისი განცხადება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.

პატრიარქი კირილი გახდა პირველი ადამიანი, რომელიც ჩეხეთმა სანქციების ეროვნულ სიაში შეიყვანა.

გადაწყვეტილების დასაბუთებაში ნათქვამია, რომ პატრიარქი კირილი რუსეთის პრეზიდენტის დიდი ხნის მოკავშირეა და თავისი ქმედებებით აქტიურად უჭერს მხარს უკრაინაში რუსეთის აგრესიას. კერძოდ, ის იყენებს საკუთარ პოზიციას ქადაგებებსა და საჯარო გამოსვლებში.

„ისტორიული და რელიგიური თვალსაზრისით, პატრიარქი კირილი უკრაინის ტერიტორიას რუსეთის ნაწილად თვლის, შესაბამისად, ყველას, ვინც რუსეთისა და უკრაინის ერთიანობის წინააღმდეგ იბრძვის, „ბოროტ ძალებს“ უწოდებს. მისი აზრით, უკრაინელები “გახრწნილი დასავლური მორალის” გავლენის ქვეშ არიან. ამიტომ, პატრიარქი კირილი აცხადებს, რომ უკრაინაში აგრესია არის „მეტაფიზიკური განზომილების ბრძოლა“ „უკრაინის სულიერი წმენდისა“ და „კაცობრიობის გადარჩენისთვის“. ასევე, პატრიარქმა კირილმა არაერთხელ დალოცა რუსი ჯარისკაცები და მხარი დაუჭირა მათ ქმედებებს, ის აცხადებს, რომ რუსეთის არმია სწორ გზაზე დგას”, – ნათქვამია განცხადებაში.

სანქციების სიაში შეყვანა ნიშნავს ჩეხეთის რესპუბლიკაში შესვლის აკრძალვას, ჩეხეთის იურიდიული პირების მეშვეობით, რაიმე ფინანსური ტრანზაქციის განხორციელების შეუძლებლობას ან ქვეყანაში არსებული ნებისმიერი აქტივის გაყინვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები