გიორგი ამილახვარმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს უმასპინძლა. მინისტრმა ელჩს სისტემაში დაგეგმილი სიახლეები და საკუთარი ხედვები გააცნო და მასთან ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით მიმდინარე და განსახორციელებელი ერთობლივი პროექტები განიხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„გიორგი ამილახვარმა მარკ კლეიტონს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ნაყოფიერი პარტნიორობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდა განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების კუთხით.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლობის მექანიზმებზე. ამასთან, განიხილეს დისტანციური/ონლაინ სწავლების ახალი კონცეფციის შექმნის საკითხები და ერთობლივი და ორმაგი პროგრამების აქტიური დანერგვა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

შეხვედრის ბოლოს, ბრიტანეთის ელჩმა სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების სრული მზადყოფნა გამოთქვა და ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორობა კიდევ უფრო გააქტიურდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები