სამხრეთ აფრიკა პუტინის გამო საერთაშორისო სასამართლოს ხელშეკრულებიდან გასვლას არ აპირებს
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის, კირილ რამაპოსას ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომ ქვეყანა არ აპირებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შექმნისა და პროცედურის შესახებ რომის სტატუტიდან გასვლას.
აღნიშნული განმარტება მას შემდეგ გაკეთდა, რაც მმართველი პარტიის – “აფრიკის ეროვნულ კონგრესის” (ANC) ბრიფინგის დროს გაკეთებული განცხადების არასწორი აღქმა მოხდა.
კანცელარიაში აცხადებენ, რომ პარტიაში არასწორად ისაუბრეს.
“პრეზიდენტს სურს, განმარტოს, რომ სამხრეთ აფრიკა რჩება რომის სტატუტის ხელმომწერი. ეს განმარტება მოჰყვა მმართველი ANC პარტიის ბრიფინგზე დაშვებულ შეცდომას”, – ნათქვამია კომუნიკეში.
საქმე ისაა, რომ აგვისტოში სამხრეთ აფრიკაში BRICS-ის სამიტი უნდა გაიმართოს, რომელზეც, სტატუსის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტიც უნდა იყოს მიწვეული. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სამხრეთ აფრიკა აღიარებს ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას, რომელმაც ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა, ის ვალდებული ხდება, კრემლის ლიდერი დააკავოს.