ერდოღანი პირდაპირი ეთერის დროს შეუძლოდ გახდა
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი Ulke TV-სა და Kanal 7-ის ერთობლივი პირდაპირი ეთერის დროს შეუძლოდ გახდა.
მანამდე, მთელი დღის განმავლობაში ის, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას ხვდებოდა.
ამის შესახებ Hürriyet წერს.
პრეზიდენტის გრაფიკის გამო, ეთერის გადადება ჯერ 1,5 საათით გახდა საჭირო, დაწყებიდან მალევე კი, მდგომარეობის გაუარესების გამო, 10 წუთით შეწყდა.
ეთერში დაბრუნების შემდეგ, ერდოღანმა მაყურებელს ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ ბოლო ორი დღე ძალიან დატვირთული იყო და რომ მას კუჭთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.
“რაღაც მომენტში ვფიქრობდი, სწორად გამიგებდნენ თუ არა, რომ გადაცემაში მონაწილეობა გამეუქმებინა. მაგრამ იყო დაპირება. ბოდიშს გიხდით თქვენ და მაყურებელს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ამის შემდეგ მან კიდევ რამდენიმე კითხვას უპასუხა და გადაცემა დასრულდა.