დმიტრო კულება: ნატოს ქვეყნებმა საბაბის ძებნა უნდა შეწყვიტონ და აღიარონ, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას ალტერნატივა არ აქვს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ საბაბის ძებნა და აღიარონ, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
„დროა, თავი დავანებოთ საბაბის ძებნას და საბოლოოდ ვაღიაროთ, რომ უკრაინის მიღებას ალტერნატივა არ აქვს, თუ ნატოს მიზანია ევროატლანტიკური საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მე ეჭვქვეშ არ ვაყენებ ნატოს ამჟამინდელ ერთგულებას უკრაინის მიმართ. ალიანსის წევრებმა უკრაინას სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარება გაუწიეს რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, მაგრამ მე ეჭვქვეშ ვაყენებ ნატოს სტრატეგიას, როდესაც საქმე ეხება უკრაინას და ევროატლანტიკური რეგიონის გრძელვადიან უსაფრთხოებას“, – აღნიშნა კულებამ.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთის მიმართ ნატოს ფრთხილ სტრატეგიას საშინელი შედეგები მოჰყვა.
„შიშმა ალიანსის კეთილგონიერება გადაფარა, აიძულა ფრთხილი სტრატეგია მიეღო, რომელსაც მძიმე შედეგები ჰქონდა ათასობით უკრაინელისთვის, რომელიც გაიტაცეს, გააუპატიურეს, აწამეს, გადააადგილეს ან მოკლეს. ნატოს სტრატეგიის შეცდომამ ასევე საშუალება მისცა რუსეთს დასავლეთის უსაფრთხოებას ძირი გამოუთხაროს კიბერშეტევებით, შპიონაჟით და პოლიტიკური ჩარევით“, – განაცხადა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს ნატოს ლიდერებს, მიიღონ თამამი გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს რეგიონში უსაფრთხოების ვითარებაზე.