ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, სუდანის დედაქალაქ ხარტუმში ბიოლოგიური საფრთხის მაღალი რისკია მას შემდეგ, რაც კონფლიქტის ერთ-ერთმა მხარემ იმ ლაბორატორიის შენობა დაიკავა, რომელშიც წითელას და ქოლერის პათოგენები და სხვა სახიფათო მასალებია განთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც სუდანში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ნიმა საიდ აბიდმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ტექნიკურმა სპეციალისტებმა ვერ შეაღწიეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ლაბორატორიაში მასალების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ამასთან, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, შენობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, რაც ლაბორატორიაში არსებულ მასალას საფრთხეს უქმნის.
შეგახსენებთ, რომ სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფებასა და ქვეყნის არმიას შორის შეტაკებები 15 აპრილს დაიწყო. საბრძოლო მოქმედებებს სულ მცირე 459 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 4072 პირი. არმია და გასამხედროებული დაჯგუფება ვერ თანხმდებიან, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა სამოქალაქო მმართველობაზე.