ლიეტუვის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც საზღვარზე არალეგალი მიგრანტების უკან დაბრუნებას აკანონებს
ლიეტუვის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც საგანგებო სიტუაციის ან საგანგებო მდგომარეობის პირობებში საზღვარზე არალეგალი მიგრანტების უკან დაბრუნებას აკანონებს. ამის შესახებ ინფორმაციას EURACTIV-ი ავრცელებს.
„სახელმწიფო საზღვრისა და დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, 8 – წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 20-მა დეპუტატმა თავი შეიკავა. ცვლილებები აძლიერებს საზღვარზე მიგრანტების უკან დაბრუნების არსებულ პრაქტიკას.
ცვლილებები ძალაში 3 მაისიდან შევა, მანამდე კი მას ხელი პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ უნდა მოაწეროს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილებები აძლიერებს საზღვარზე მიგრანტების უკან დაბრუნების არსებულ პრაქტიკას, რომელიც თავდაპირველად შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წელს გამოცემული ბრძანების საფუძველზე იყო შემოღებული და მოგვიანებით მთავრობის დადგენილებით ფორმალური გახდა.
აღნიშნულმა ცვლილებებმა უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია, რომლებიც აცხადებენ, რომ კანონი ლეგიტიმაციას აძლევს გაძევებას – პრაქტიკას, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს. ორგანიზაცია Amnesty International-მა გასულ კვირას განაცხადა, რომ კანონი „წამებას მწვანე შუქს უნთებს“.
ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ცვლილებები მკაფიოდ განასხვავებს ბუნებრივ მიგრაციასა და ბელარუსის რეჟიმის მიერ ხელშეწყობილ ინსტრუმენტალიზებულ მიგრაციას და რომ კანონმდებლობა აუცილებელია ლიეტუვის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად.
კანონპროექტის თანახმად, მიგრანტების უკან დაბრუნების შესახებ დებულება ინდივიდუალურად გავრცელდება თითოეულ უცხოელზე და არ გავრცელდება გარკვეულ შემთხვევებში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლიეტუვის ტერიტორიაზე შესვლა ან ჰუმანიტარული წვდომას უცხოელებისთვის, რომლებიც გაურბიან სამხედრო აგრესიას ან დევნას.