ჩეხეთის პრეზიდენტი მეზობელ ქვეყნებში რუსეთის გავლენების ზრდით არის შეშფოთებული
ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა შეშფოთება გამოთქვა მეზობელ ქვეყნებში პოპულიზმისა და პრორუსული გავლენის მატებასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ მან Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ამ კონტექსტში, ჩეხეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ წლის ბოლოს სლოვაკეთის არჩევნებში გამარჯვება შესაძლოა, პოპულისტებმა მოიპოვონ. მისი თქმით, ეს იქნება „რთული ვითარება სლოვაკეთისთვის, ასევე, ჩვენთვის, როგორც მეზობლებისთვის და მართლაც, ძალიან ახლო პარტნიორებისთვის“.
უნგრეთზე საუბრისას მან თქვა, რომ „არსებობს რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ შეიძლება, იყოს სახიფათო უნგრეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პრორუსული ორიენტაცია”.
ამასთან, ჩეხეთში ბოლო თვეები განმავლობაში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციებზე საუბრისას, პაველმა თქვა, რომ მომიტინგეები ერთმანეთში არ უნდა იყვნენ არეული, ამიტომ, პოლიტიკოსებმა მეტი უნდა გააკეთონ და აუხსნან მოქალაქეებს საკუთარი პოლიტიკა.
“ზოგიერთი მათგანი, ალბათ, პრორუსული ელემენტებით არის შთაგონებული. მაგრამ ბევრი მათგანი უბრალოდ უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ ამცნობს მათ მთავრობა სხვადასხვა ღონისძიების შესახებ სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში. და უნდა ვაღიაროთ, რომ კომუნიკაცია არ არის ჩეხეთის ამჟამინდელი მთავრობის ყველაზე ძლიერი მხარე“, – დასძინა პაველმა.