“ჩინეთი უკრაინაში ომის დასრულებით დაინტერესებული არ არის” – ჩეხეთის პრეზიდენტი
რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარებაში ჩინეთის ნდობა არ შეიძლება, რადგან პეკინისთვის ომის გაგრძელება მომგებიანია, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც საქმე უკრაინას ეხება, ჩინეთს მხოლოდ საუკეთესო სურს თავისთვის – ახლა კი ეს მეტ ომს ნიშნავს.
”მე მჯერა, რომ ჩინეთის ინტერესებშია სტატუს -კვოს გაგრძელება, რადგან ამან შეიძლება, რუსეთს დათმობების სერიისკენ უბიძგოს”, – თქვა პეტრ პაველმა.
მისი თქმით, პეკინს შეუძლია, მოსკოვიდან იაფი ნავთობი მიიღოს, გაზი და სხვა რესურსები – კრემლთან “შეზღუდვების გარეშე“ პარტნიორობის სანაცვლოდ.
„ჩინეთისთვის ასევე კარგია, რომ დასავლეთი შესაძლოა, ოდნავ სუსტდება უკრაინის მხარდაჭერით. არ მგონია, რომ ჩინეთი ნამდვილად დაინტერესებულია ომის მოკლე დროში დასრულებით. ჩინეთი ყოველდღიურად იღებს გაკვეთილებს კონფლიქტიდან. ისინი ყურადღებით აკვირდებიან – რას აკეთებს რუსეთი, როგორ რეაგირებს დასავლეთი”, – განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.