უკრაინაში მებრძოლი რუსული არმიის საშუალო დღიური მსხვერპლის მაჩვენებელი 2023 წლის აპრილისთვის, დაახლოებით, 30%-ით შემცირდა – მაშინ, როდესაც იანვარ-მარტში რუსეთის ჯარებმა განსაკუთრებული ზარალი განიცადეს.
ამის შესახებ ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის მოხსენებაშია ნათქვამი.
უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსული ჯარების ყოველდღიური დანაკარგები მარტში, საშუალოდ 776 ადამიანიდან – აპრილში 568-მდე შემცირდა.
ამასთან, ბრიტანულ დაზვერვას არ შეუძლია ზუსტად გადაამოწმოს უკრაინული გამოთვლის მეთოდოლოგია, მაგრამ მიიჩნევს, რომ საერთო ტენდენცია, სავარაუდოდ, ზუსტია.
აღნიშნულია, რომ რუსეთის არმიის დანაკარგები, სავარაუდოდ, იმის გამო შემცირდა, რომ ზამთრის შეტევის მცდელობამ მიზანს ვერ მიაღწია და, ამჟამად, რუსეთის გენშტაბი უკრაინის შეტევითი ოპერაციების მოგერიების მომზადებით არის დაკავებული.