ბოლო 48 საათის განმავლობაში ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, სუდანის შეიარაღებული ძალები (SAF) და გასამხედროებული „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ (RSF) 24 აპრილის შუა ღამიდან, ქვეყნის მასშტაბით, სულ მცირე, 72 საათის განმავლობაში, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ მოუწოდებს მხარეებს დაუყოვნებლივ და სრულად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
„საბრძოლო მოქმედებების ხანგრძლივი დასრულებისთვის, აშშ რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე სუდანის სამოქალაქო მხარეებთან კოორდინირებით ხელს შეუწყობს კომიტეტის შექმნას, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს სუდანში მოლაპარაკებებს, საბრძოლო მოქმედებების მუდმივ დასრულებას და ჰუმანიტარულ დახმარებას.
ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სუდანის მხარეებთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივი მიზნის მისაღწევად – სუდანის სამოქალაქო მთავრობაში დასაბრუნებლად“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფებასა და ქვეყნის არმიას შორის შეტაკებები 15 აპრილს დაიწყო. საბრძოლო მოქმედებებს სულ მცირე 427 ადამიანი ემსხვერპლა. არმია და გასამხედროებული დაჯგუფება ვერ თანხმდებიან, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა სამოქალაქო მმართველობაზე.