გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, დიდ სახელმწიფოებს შორის დაძაბულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და გაეროს შექმნის დღიდან მრავალმხრივი სისტემა უდიდეს დატვირთვას განიცდის.
ამის შესახებ მან ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
“უპრეცედენტო და ურთიერთდაკავშირებული კრიზისების წინაშე ვდგავართ. მრავალმხრივი სისტემა ყველაზე დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება, გაეროს შექმნის დღიდან. დიდ სახელმწიფოებს შორის დაძაბულობამ ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია”, – თქვა გუტერეშმა.
მისი აზრით, გაეროს შექმნის შემდეგ, უბედური შემთხვევის ან არასწორი გაანგარიშების გამო კონფლიქტის გაჩაღების რისკი ასევე ყველაზე მაღალია.
გენერალურმა მდივანმა კვლავ გააკრიტიკა რუსეთის “სპეცოპერაცია” უკრაინაში. მისი აზრით, ის კიდევ უფრო ამძაფრებს გლობალურ ეკონომიკურ არეულობას, რომელიც გამოწვეულია COVID-19 პანდემიით.
გუტერეშის თქმით, კონფლიქტები გრძელდება სხვაგანაც – მიანმარიდან საჰელამდე, სომალიდან კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკამდე და მის ფარგლებს გარეთ.
„მიუხედავად იმისა, რომ იემენსა და ლიბიაში დამაიმედებელი მოვლენებია. მთელს მსოფლიოში 100 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა თავისი სახლები და გაექცა ძალადობას, კონფლიქტს და დევნას“, – თქვა მან.
გენერალური მდივნის თქმით, მსოფლიო კლიმატის გაღრმავებული კრიზისის, მზარდი უთანასწორობის, ტერორიზმის მზარდი საფრთხის, ადამიანის უფლებების გლობალური დარღვევის, ასევე, საშიში ტექნოლოგიების დაურეგულირებელი განვითარების მომსწრეა.
„ყველა ეს გლობალური პრობლემა შესაძლოა, გადაწყდეს მხოლოდ საერთაშორისო სამართლის პატივისცემის, გლობალური ვალდებულებების შესრულებისა და შესაბამისი მრავალმხრივი მართვის მექანიზმების მიღებით“, – დასძინა მან.